წლების წინ,ვიდრე სვანეთში დავბრუნდებოდი,თბილისში ერთ-ერთი რაიონის ე.წ. ,,ღარიბთა'' სასადილოში ვმუშაობდი დამლაგებლად და ჭურჭლის მრეცხავად .ყოველ დღე (დასვენების დღე არ გვქონდა) 6 სამოცლიტრიანი ქვაბიც უნდა გამეხეხა სხვა სიკეთესთან ერთად,თან ისე,რომ ,,სარკე არ დაჭირვებოდა'' ადამიანს! 
ზოგჯერ ჩემი მეგობრები შემოივლიდნენ,რომ სულიერად დამდგომოდნენ გვერდში,ვგრძნობდი ამას! საქმეს ისე ჩავათავებდი,ვერ ვგრძნობდი დაღლას,ისე მესალბუნებოდნენ,მაგრამ ვხვდებოდი,რომ ძალიან ,ძალიან წუხდნენ.... მე კი ხუმრობაში ვატარებდი და საკუთარ თავი კონკია მეგონა,თუმც პრინცს არ ველოდებოდი არსაიდან,უფრო იმედი არ მტოვებდა 
ხანდაზმულები დადიოდნენ უფრო და მიჰქონდათ მათი წილი სადილი,ზოგიერთიც იქვე მიირთმევდა.არ მქონდა ბევრი თავისუფალი დრო,მაგრამ თითქმის ყველას ცხოვრება ვიცოდი,ყველას ბავშვებივით ვუყურებდი.ხშირად მქონდა სიმღერები ჩართული და ვაცეკვებდი კიდეც. წასვლა არ უნდოდათ ხოლმე.  ,,ჩვენი ფსიქოლოგი ხარო'' __მეუბნებოდნენ. ფსიქოლოგისა რა გითხრათ,მაგრამ ჩემ ცხოვრებას და ყოფას რომ ვადარებდი,პატარ-პატარა ეპიზოდებით ვგავდით ერთმანეთს... ჰოდა ხშირად,თავიც რომ გადამერჩინა კედლის გაზეთებს ვუკეთებდი,კედელზე ლექსებს ვუკრავდი,ყველა დღესასწაულს წერილობით თუ ზეპირად ვულოცავდი,გაზაფხულზე ყვავილებს ვყიდულობდი და ვჩუქნიდი...
მიჩვეული იყვნენ ჩემ მხიარულებას და ღიმილს.ოდნავ რომ მომეწყინა,მაშინვე წუხდნენ,ნაღვლობდნენ,სეშფოთებით კითხულობდნენ მიზეზს,ამიტომ არ ვაძლევდი თავს უფლებას საკუთარ პრობლემებზე მეფიქრა სხვის დასანახად....
იმ სასადილოს შენობაში ერთი კარგი ადამიანი ცხოვრობდა(ახლაც ცხოვრობს),პროფესორი,ლექტორი,ყოფილი მოცეკვავე და ძალიან,ძალიან სულიერი ადამიანი .ისიც ამ მოხუცების მეგობარი და თანამდგომი იყო. თეთრ ხალათს ჩაიცვამდა,ფონენდოსკოპს მოირგებდა და წნევას უზომავდა,წყალს აწვდიდა დასიცხულ ადამიანებს... ისინიც ბავშვებივით სეჰხაროდნენ. ,,სამოთხის გვრიტებს'' მაგონებდა ჩემი იქ მუშაობის პერიოდი.... 
და გადავწყვიტეთ,საშობაო საღამო გაგვეკეთებინა ამ მოხუცების მონაწილეობით. ჯერ ნელ-ნელა შევაპარე,მერე გავტამამდი და ამ მოხუცებს ლექსები მივეცი,მერე მომღერლები შევარჩიე და უნდა გენახათ,როგორი ენთუზიაზმით ვემზადებოდით.მომღერალი ოჯახიც გამოჩნდა(ამას წინათ ჯაჯანიძის რაკურსში ვიხილე ჩემი ბენეფიციარი) და მოკლედ, მოვემზადეთ. სუფრის და დიზაინისთვის საჭირო ხარჯები ბ-ნმა დავითმა გაიღო და ისე გავალამაზეთ დარბაზი,ნამდვილად მაშინდელ ტელეშოუებსაც შეშურდებოდათ. ჩემი გიო და მისი მეგობრები მოვიწვიე დასახმარებლად,ჩემი მეგობრების შვილები და უფროსსაც ბოლოს გავაგებინეთ.ისეთი ქალბატონი იყო,შიგნიდან რომ წამიკითხა მოკლე ხანში და სიხარულით შეხვდა ჩემ წინადადებას და თანხაც გამოყო.
ღონისძიების დღეს კი მორთულ-მოკაზმული დარბაზი და ბენეფიციარები რომ დაინახა,მითხრა: რომ მცოდნოდა ასეთი დონის ღონისძიება იქნებოდა,გამგეობას მოვიყვანდიო....
წამყავანები მე და ბ-ნი დავითი ვიყავით,ლექსი,სიმღერა,ცეკვა,შაირი,საკუთარი ლექსები,ფანდური,დოლ-გარმონიც კი გვქონდა.... ეს ნამდვილად საოცარი საღამო იყო,არა მარტო მათთვის,ცემთვისაც,რადგან მაშინ იმდენი ლოცვა მივიღე,იმდენი წრფელი მადლობა,დღემდე თუ რამეში მიმართლებს,იმ ლოცვის მადლით ვძლიერობ,იმ ლოცვის მადლით ვბედნიერობთ მეც და ჩემი შვილიც,იმ ლოცვის მადლით გადავლახე ბევრი დაბრკოლება,იმ ლოცვის მადლით გავძლიერდი,იმ ხანდაზმულთა ლოცვის მადლით,სათითაოდ რომ
მლოცავდნენ.
__შვილო,შენ გაიხარე,72 წლის ქალი ვარ და გათხოვების შემდეგ ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ! __ მითხრა ქალბატონმა მიმინომ,ხელები დამიკოცნა და ცრემლები წასკდა....
__შენ აქ რა გინდა,შვილო,პატრონი არ გყავს?  __კითხულობდნენ სხვანი და მლოცავდნენ.... 
ემოციები არ ცხრებოდა თითქმის მთელი თვის მანძილზე და მათთან ერთად ბედნიერი ვიყავი.
ჰო,რატომ მოვყევი ამხელა ისტორია და გუშინდელმა საღამომ ის ემოციები გამახსენა და ის მუხტი გადმომცა,მაშინ რომ მივიღე.
დღეს დილით,რომ #ირმაგულბანმა მატირა და მგონი თვითონაც იცრემლებოდა,დავრწმუნდი,რომ ჩემი სურვილი,ბედნიერება მეჩუქებინა ლახამულელი ქალებისთვის და ერთად შემეყარა,დაენახათ ერთმანეთი სხვა რაკურსით, ასრულდა!
როცა გული გულობს,როცა გვერდით მეგობრები გიდგანან და მარტო არ ხარ ყველაფერი გამოვა მაშინ!
მე თქვენ  ჩემი სოფლის ქალბატონებო!
მე  ლახამულა! 9.03.2017/ლ.მ/

Comments

Popular posts from this blog

შვილმკვდარი დედის მონოლოგი

სიყვარული გადაგვარჩენს